საქართველოს სახელმწიფომ და მისმა სამართალდამცველმა უწყებამ გააკეთა ყველაფერი, რაც ევალდებოდა და შეაჩერა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" ლაფანყურის სპეცოპერაცის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი "შეთქმულების თეორია" არ არსებობს.
ბოკერიამ აბსურდული უწოდა სახალხო დამცველის მოხსენებას და აღნიშნა, რომ ის არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული.
"სახალხო დამცველს ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყავს კომიკური "მტკიცებულება", მათ შორის ერთ-ერთია შეირაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს. ეს ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას. ასეთი თეორიების "სროლა", ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არის, როგორც მინიმუმ გაუგებარი, უპასუხისმგებლო და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა", - განაცხადა ბიგა ბოკერიამ.