პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოს ბიზნესგარემო აშშ-სა და ევროპის ბიზნესგარემოს თუ არ გადაუსწრებს, გაუტოლდება მაინც. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამერიკისა და ევროპისგან განსხვევით, საქართველოს ბაზარი ცარიელია და ამ ცარიელ ნიშებს შევსება სჭირდება.
"საქართველოში ბიზნესის წარმოება შედარებით და გაცილებითაც შეიძლება ითქვას, რომ იქნება იოლი, ვიდრე იმ ქვეყნებში, აპელირებას ვაკეტებ, ევროპისა თუ ამერიკაზე, სადაც ბიზნესს აქვს შესაშური თავისუფლება. თავისუფლების მხრივ ჩვენ აუცილებლად შევედრებით ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს და ამ დროს ცარიელია ბაზარი და შესავსებია"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას აქცენტი საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადებზეც გააკეთა და განმარტა, რომ საქართველოში კომპლექსური გადასახადი 16 %-ია.
"გადასახადების სიმარტივით საერთაშორისო რეიტინგში მეოთხე ადგილზე ვართ. საქართველოში კომპლექსური გადასახადები არის დაბალი. საქართველო აბრეშუმის გზაზე მდებარეობს და მე ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ინვესტორებისთვის" - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში ჭეშმარიტად ახალი ერა დაიწყო.
"განსაკუთრებით კი საინტერესო სიტუაცია შექმნა ბიზნესისათვის. დამოკიდებულება ჩვენი, ახალი ხელისუფლების ბიზნესთან მიმართებაში არის განსაკუთრებული. კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ბიზნესს შეუძლია გადაჭრას ის მძიმე პრობლემები, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს. ბიზნესს შეუძლია დაასაქმოს, ბიზნესმა უნდა ააღორძინოს ეკონომიკა.
საქართველო შესაძლოა იყოს უნიკალური ბიზნესის წარმოების კუთხით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში. ბიზნესს ექნება სუფთა, კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი გარემო. ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. მათი დანიშნულება იქნება ხელი შეუწყონ ბიზნესს მუშაობაში"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 აპრილს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია „Soft Rating Consult"-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ფორუმში მონაწილეობდნენ ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო