,,კავკასიის ფონდი" "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოცემას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
,,ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:
,,კავკასიის ფონდი" უარყოფს გაზეთ "იზვესტიის" წერილის ცილისწამებას, თითქოს იგი "ჯეიმსთაუნის" ფონდთან ერთად შეერთებული შტატებისა და საქართველოს სასარგებლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლების გადმობირებას აწარმოებდა. ფონდს არ ჩაუტარებია ამ თვალსაზრისით არავითარი ღონისძიება და სემინარი. "კავკასიის ფონდი" არ იცნობს ტერაქტში მონაწილე ტამერლანდ ცარნაევს და ყოფილა თუ არა იგი საერთოდ საქართველოში, მისთვის უცნობია. "კავკასიის ფონდი" უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ამოცანებია ჩრდილოეთკავკასიელთა ჩართვა რუსეთის სამხრეთ რაიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობილებების გასაღვივებლად. "კავკასიის ფონდი" ადასტურებს, რომ მისი დედა-ამოცანა იყო და არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამეცნიერო-აკადემიური, კულტურულოგიური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა-განვითარება. ეს ინფორმაცია კი არის მორიგი მცდელობა, მსოფლიოს წინაშე საქართველოს კიდევ ერთხელ დადანაშაულებისა. ამ ძალებს, ალბათ, არ აწყობთ ფონდის მოღვაწეობა კავკასიის ხალხთა მრავალსაუკუნოვანი კულტურების მნიშვნელობის წარმოჩენასა და კავკასიის ხალხთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის ხელის შეწყობის საქმეში; ამ ძალების ქმედება მიმართულია საქართველოს, კავკასიის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და საკუთრივ რუსეთის საწინააღმდეგოდაც. ვფიქრობთ, ამ "საინფორმაციო ომის" ერთ-ერთი საფუძველი ისიცაა, რომ "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი [გივი ღამბაშიძე] "კავკასიის ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობების სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისათვის" სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების, ისრაელისა და პოლონეთის ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ წარდგენილია 2013 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე. და ბოლოს, გაზეთ "იზვესტიის" ცილისმწამებლური წერილის ავტორებს შევახსენებთ ბიბლიისეულ შეგონებას - "არა ცილისწამო". გაზეთ "იზვესტიის" რედაქციას კი ვთხოვთ ამ წერილის გამოქვეყნებას", - ნათქვამია განცხადებაში.