თბილისში მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამის „PEMPAL" შიდა აუდიტის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო პროფესიონალთა გაერთიანების რიგით 23-ე პლენარული შეხვედრა. 24 აპრილს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადასცა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო 22 წევრი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ოფიციალური პირი, რომლებიც ახორციელებენ შიდა აუდიტის რეფორმებს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
PEMPAL-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს სახელით გაწევრიანებულია ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა „PEMPAL"-ის შიდა აუდიტის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი, ნინო ელიაშვილი აირჩიეს.
„მოხარული ვარ, რომ თბილისმა წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო შეხვედრას. შიდა აუდიტი მნიშვნელოვანი სამსახურია, რომელიც გვეხმარება მენეჯმენტის სრულყოფაში, ორგანიზაციების მართვასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. ცხადია, ეს მუდმივად განახლებადი პროცესია. ჩვენ საკმაოდ წარმატებული აუდიტის სამსახური გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, კოლეგების გამოცდილების გაზიარება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს შიდა კონტროლის რეფორმის გამოცდილების გაზიარება. მონაწილე ქვეყნები ასევე გაეცნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შიდა აუდიტის რეფორმის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
პლენარული სხდომა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით და გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის თანადგომით გაიმართა.
PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მოღვაწე მოხელეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება-გაღრმავებას, მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას. პროგრამა შედგება საჯარო ფინანსების მართვის, სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის სფეროებში მოღვაწე სამუშაო ჯგუფებისგან