უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტად ინაგურაციის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ინაგურაციის ცერემონიაზე მასთან ერთად ასევე, გაემგზავრება ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი იმის წინა პირობაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიპოვა, რომელმაც მეორე ტურში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დაამარცხა.
ამასთან, იანუკოვიჩის ინაგურაციის ცერემონია უკრაინაში 25 თებერვალს გაიმართება.