პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს "არაკომპეტენტური" განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.
სწორედ "არაკომპეტენტურს" უწოდებს სესიაშვილი სააკაშვილის მიერ დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შავ ზღვაში რუსეთისა და ნატოს შეიარაღება შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახოს.
"ხელისუფლება ალოგიკურ ქმედებებზე გადავიდა, რასაც მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადებაც ადასტურებს. ის, რომ ნატოსა და რუსეთის სამხედრო შეიარაღებები შესაძლოა შავ ზღვაში ერთმანეთს შეეჯახონ, ნათელს ხდის იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხში ვერ ერკვევა და ძალიან არაკომპეტენტურია", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, პოლიტოლოგი "ცეცხლთან თამაშად" აფასებს აღნიშნული ტიპის განცხადებებს და ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება "თამაშის ამ პრინციპზე" "ყურადღების მიქცევის მიზნით გადავიდა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ფრანგული მხარე კავკასიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".
"ფრანგული მხარის მიერ რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვამ შესაძლოა, საფრთხისშემცველი გარემოებები შექმნას. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, რუსეთს ყველაზე მზაკვრული ოკუპაციური გეგმის განხორციელების საშუალება მისცეს. თუკი საფრანგეთი რუსეთს "მისტრალს" მიჰყიდის, ამ ნაბიჯით ის კავკასიის უსაფრთხოების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ახალი კონფლიქტების წინაპირობას შექმნის. არსებობს ალბათობა, რომ შავ ზღვაში "მისტრალი" და ნატოს შეიარაღება ერთმანეთს შეეჯახონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.