ახალი ხელისუფლების არჩევიდან 7 თვეში ოპოზიციის მხრიდან ამდენი ადამიანის შეკრება იშვიათად მომხდარა, - ამის შესახებ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ყოფილმა ელჩმა იტალიაში კოტე გაბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ ოპოზიციას გაჩნია რესურსი და პოლიტიკურ ასპარეზზე შეძლებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
"საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა შეიკრიბა. არჩევნებიდან 7 თვის თავზე ასე აქტიურად ოპოზიცია იშვიათად იკრიბება ხოლმე, თუ არა სერიოზული გამოწვევები, რომელიც ამდენ ადამიანს მოიყვანს",- აცხადებს გაბაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსთაველზე ხალხი შეიკრიბა ხელისუფლებისთვის იმის სათქმელად, რომ მათ სურთ ევროპული კურსი და არ მოსწონთ ის ნაბიჯები, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იდგმევა. ამასთან, გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო ჩაეტარებინა წყნარი და ცივილიზებული აქცია.