საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის გამოძიების საკითხის ისე დასმა, თითქოს გამოძიების ვალდებულება უცებ გაჩნდა, არასწორია.
ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"საკითხის ისე დასმა, რომ უცებ გამოჩნდა ჰააგა და უცებ გაჩნდა გამოძიების ვალდებულება რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად გვესმოდეს - ასეთი ფორმით დებატებში მოგებული დარჩება მხოლოდ ერთი. ეს არის რუსეთი, რომელსაც გაუჩნდება მეტი არგუმენტი მსოფლიოში, თქვას რატომ უნდა აღიაროს მსოფლიომ ცუდი ქართველებისგან დაჩაგრული აფხაზები და ოსები", - განაცხადა ბაქრაძემ
მისი თქმით, ვისაც ენა ექავება და წინა ხელისუფლების ლანძღვა უნდა, კარგად უნდა დაფიქრდეს რა შედეგი მოყვება ამას სახელმწიფოსთვის.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განცხადება დღეს გაავრცელა, რომელიც პრეზიდენტისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
"ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის პრაქტიკა უცხო არ არის ცივილიზებული სამყაროსთვის. "ნაციონალური მოძრაობის" მთელი პროპაგანდისტული რესურსი ამ, სავსებით სამართლიანი, მოთხოვნის გადასაფარად და პრემირ-მინისტრის განცხადებების ცრუპენტელური ინტერპრეტაციისკენაა მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის ტირაჟირება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნორმად გაიხადა.