ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში თომას ჰამერბერგი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა გამოძიება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხება და არა იმას, თუ ვინ დაიწყო ომი.
"ომის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არაერთი საჩივარი შევიდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ომის დანაშაულებს ეხებოდა. საჩივრები ეხებოდა არამარტო მოსახლეობის, არამედ ტყვეების უფლებების დარღვევასაც. საჩივრების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა იმის გარკვევას, თუ ვინ დაიწყო ომი ან რა არ გეკეთდა ომის თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ჰამერბერგი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგი, ყოველთვიურად, ორკვირიანი ვიზიტით, ოთხი თვის განმავლობაში ეწვევა საქართველოს. ჰამერბერგის განცხადებით, მას საქართველოში მიმდინარე პროცესები შესწავლა ევროკავშირის ორი კომისიის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ სთხოვეს.
"დავთანხმდი, მაგრამ კონკრეტული პირობები წამოვაყენე. ერთი იყო ის, რომ მისია ხანგრძლივი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენ ოთხ თვეზე შევთანხმდით. მეორე პირობა ჩემს როლს ეხებოდა. მე ჩამოვდივარ მიუკერძოებელი ექსპერტის სახელით. ეს მისაღები უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვს და სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც", - აღნიშნა ჰამერბერგმა და აღნიშნა, "ჩემი ვალდებულება იქნება, ვუპასუხო კითხვებს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, ადამიანისუფლებების დაცვის კონტექსტში".
ადამიანის უფლებების დაცვის გარდა, ჰამერბერგი შეისწავლის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესებს, სოციალურ საკითხებს, და მოამზადებს ანგარიშს, რომელიც, დაახლოებით, სექტემბერში გამოქვეყნდება.
"ბევრმა ვერ დაინახა განსხვავება საპარლამენტო ცვლილებასა და ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებას შორის. მთავრობისგან მივიღე დაპირება, რომ უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ამ განსხვავებებზე", - განაცხადა ჰამერბერგმა.