თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ რურუა მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის მიზეზების ხელახლა გამოძიებამ შესაძლოა, რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად დააკანონებინოს.
როგორც მან აღნიშნა, ამით შესაძლოა, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს დაუკანონოს.
მისი თქმით, ამ ქმედებით საქართველო საბოლოო რაუნდში თავისი მიწების დაბრუნების იურიდიულ შესაძლებლობას დაკარგავს.
"ე.წ გამოძიებამ თუ ის ჩატარდა, პოლიტიკური ნიშნით თუ საქართველო დადანაშაულდა ამ კონტექსტში, მაშინ შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ დავკარგოთ დასავლეთის მხარდაჭერა და რუსეთმა დე-იურედ, უკვე კანონიერად დაიკანონოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც იქნება ტრაგედია. ეს იქნება რეალურად დაკარგვა ამ ორი ტერიტორიის", - განაცხადა რურუამ.
მისი თქმით, როცა ამ თემებს ვეხებით, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რადგან ეს არის პოტენციურად ისეთი ქმედება, რომელსაც მერე ვერანაირად ვეღარ გამოასწორებ.
რურუას შეფასებით, ეს შეიძლება იყოს დანაშაული, რომელსაც თაობები არ გვაპატიებენ.
პროკურატურაში აგვისტოს ომის შემსწავლწელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესასხებ 11 აპრილს, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.