საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, პოლიტიკური საქმიანობა დაცვის გარეშეც განაგრძოს. როგორც მან "პირველი რადიოს" რადიოკლუბში აღნიშნა, მთავრობამ დაცვის სამსახური ფაქტიურად დაშალა, ნაწილი კი, თავის დაქვემდებარებაში გადაიტანა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ამას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
"რა რაოდენობაც ეყოლება მას გამოყოფილი და რა რაოდენობაც იქნება, იქნება ის რაოდენობა. არანაირი დიდი რაოდენობის დაცვა მას პირადად, არ სჭირდება და ის მზად არის თუ საერთოდ არ იქნება დაცვა ამ პირობებშიც ჩვეულებრივად გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა", - განაცხადა გაბაშვილმა.
პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოიხსნას. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, უნდა შექმნილიყო პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან დამოუკიდებელი იქნებოდა.
საკანონმდებლო ნორმა იანვრიდან ძალაშია, თუმცა ასეთი სამსახური მხოლოდ კანონში არსებობს და რეალურად არ შექმნილა.