საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი პოლიტიზირებულია.
როგორც მან აღნიშნა, სრულიად შეუწყნარებელია რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებების შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა ომში დაადანაშაულო.
"პრემიერის განცხადებები გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ - ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დადასტურდეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველო არის აგრესორი, ხოლო რუსეთი არის მსხვერპლი ამ ომში", - განაცხადა წიკლაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, აგვისტოს ომის მიზეზების გამოძიება აუცილებელია. ამიტომ, საპარლამენტო კომისიის გარდა, ომის მიზეზებს საგამოძიებო კომისიაც შეისწავლის, რომლის შექმნის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.