თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე მის წინააღმდეგ განცხადებებს საპარლამენტო უმცირესობის დავალებით აკეთებს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, გიგი კალანდაძის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვწუხვარ, რომ ბატონი კალანდაძე დაამსგავსეს მართლა რაღაც გროტესკულ პერსონაჟ "რეალ ტივის". გახსოვთ "რეალ ტივი" როგორ მოქმედებდა და როგორ მუშაობდა წარსულში. არ ვიცი ახლაც არის თუ არა ეს ტელევიზია, მაგრამ აშკარად სამწუხაროა, რომ ასე მიეხმარა "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი დეპუტატი მას გადაქცეულიყო ისეთ გროტესკულ პერსონაჯად "რეალ ტივი", - განაცხადა ალასანიამ.
გიგი კალანდაძე იმ ორი ახალგაზრდის ვინაობას ასახელებს, რომელთა გარდაცვალების საქმეში ირაკლი ალასანია ფიგურირებს. ამის შესახებ კალანდაძემ ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრი დაკავებამდე ორი წუთით ადრე ესაუბრა და თანამშრომლობა შესთავაზა.
მანამდე კი, 5 აპრილს გადაცემა ,,პოზიციაში", გიგი კალანდაძემ მასსა და ირაკლი ალასანიას შორის გამართული საუბარი გაიხსენა.
როგორც კალანდაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ მის დაკავებამდე ირაკლი ალასანიამ, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა.