სახალხო დამცველმა ფინანსთა მინისტრს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველს სს ,,ჯანმრთელობის" დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ საქართველოს მთავრობის ,,წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ" N607 განკარგულების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განცხადებით 2009 წლის 14 აგვისტოს.
განცხადების თანახმად, გამოიკვეთა, რომ სს ,,ჯანმრთელობის" საკუთრებაში არსებული შენობები 1993 წლიდან დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებს წარმოადგენენ და სწორედ მოცემული გარემოების გამო, მესაკუთრე სს „ჯანმრთელობა" აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს საკუთარი ბიზნეს-ინტერესების შესაბამისად ვერ იყენებს.
„გარდა ამისა, მოქალაქე ემზარ გაგნიძე მოცემულ განცხადებაში აფიქსირებს, რომ სს ,,ჯანმრთელობას" სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გაგრძელების მიზნით, მას დაკისრებული საგადასახადო დავალიანებების დაფარვა უწევს, საკუთარი ქონების რეალიზაციის ხარჯზე, რათა შეინარჩუნოს საწარმოს ფუნქციონირება და მასში დასაქმებული მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილები", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიულ პირთა (საწარმოთა) საკუთრებას წარმოადგენენ, მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვასთან და აღნიშნული დარიცხვიდან გამომდინარე წარმოშობილ დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მსგავსი ხასიათის პრობლემის არა ერთჯერადი მოგვარების გზა უნდა შემუშავდეს, არამედ ერთიანი, სისტემური მიდგომა, რათა მეწარმეთა საკუთრების უფლება არ შეილახოს, რაც თავის მხრივ, სს „ჯანმრთელობის" კანონიერი ინტერესების ხელყოფას წარმოადგენს.