საქართველოს საქმე აქვს ადამიანებთან, კონკრეტულად კი ბატონ პუტინთან, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სხეულის ერთ კონკრეტულ ნაწილს მოაჭრიდა, _ განაცხად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ეს მას არაერთ მსოფლიო ლიდერს, მათ შორის, პრეზიდენტ სარკოზისაც უთხრა. ადვილი არ არის კრემლის ქირურგებთან და ფარმაცევტებთან ურთიერთობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რუსეთს საქართველოს განვითარება აშინებს. ქვეყნისა, რომელიც საბჭოთა კავშირის წესებით აღარ თამაშობს, ქვეყნისა რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით წამყვან ადგილზე დაასახელეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ყურაღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ცხინვალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
"ჩვენთვის გაუგებარია, თუ რომელ დასკვნებს იშველიებენ. არსებობს საერთაშორისო კომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველომ ცეცხლი მხოლოდ მრავალრიცხოვანი პროვოკაციების შემდეგ გახსნა. რეალობაა ის, რომ რუსული ჯარები უკვე შემოსულები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი ამბობენ, რომ ეს ტექნიკურად არ იყო შემოჭრა, მაგრამ მე როგორც სამართლის სპეციალისტმა არ ვიცი ტერმინი, რაც ამ ქვედებას შეესაბამება. ალბათ ეს სამხედრო ტურიზმი იყო", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მიიტანა იერიში ძლევამოსილ რუსეთზე ალოგიკურია, რადგან რუსეთთან კონფლიტს არა თუ პატარა საქართველო, არამედ ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნები ერიდებიან.
"ფაქტი ერთია _ დიდმა სახელმწიფომ მოახდინა პატარა სახელმიფოს ოკუპაცია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის აგრესიისა საქართველომ ერთხელ უკვე აირჩია დემოკრატიის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს.