რუსეთის ღია აგრესიის მიუხედავად საქართველო ეკონომიკურ აღმავლობას განაგრძობს და ერთხელ არჩეული გზიდან არ გადაუხვევს. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ და პრობლემებს, რომლებსაც საქართველო ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე აწყდება.
"მაქვს კარგი ამბავიც და ცუდიც _ ცუდი ამბავი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია გრძელდება, კარგი კი ის არის, რომ საქართველო განაგრძობს წარმატებით განვითარებას და ვითარდება უფრო კარგად ვიდრე რუსეთი და რეგიონის სხვა ქვეყმნები. ეს ასეც უნდა იყოს რადგანაც საქართველოს მომავალი ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაშია. მთავარია საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და ეკონომიკის აღმავლობისაკენ არ ჩაკლან", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში და დასძინა, რომ დღეისათვის საქართველოს ტერიტორიის 20 % უკანონოდ აქვთ დაკავებული საქართველოს მეზობელ ქვეყანას, თუმცა ხალხი არა რუსეთზე არამედ ბავშვების განათლებაზე, ქუჩების განათებასა და კეთილმოწყობაზე ფიქრობს.
"ჩვენ წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდისტური მანქანაც. რუსული ტელეარხები გამუდმებით ამბობენ, რომ პატარა საქართველო ახდენს დიდ და ძლევამოსილ რუსეთზე აგრესიას. რაც სასაცილოა. თუ ამას საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის შეფასებას არ მისცემს, სიტუაცია კიდევ უფრო კომიკური გახდება. ეს ლოგიკა ვრცელდება სამხრეთ ოსეთზეც სადაც მოსახლეობა თითქმის აღარ დარჩა. რუსეთი ამბობს, რომ მარიონეტული რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ათი ათასი ადამიანის მიერ არჩეულ "პრეზიდენტის" ლეგიტიმურობას ცნობს. საქართველოში ხუთი მილიონი ადამიანის მიერ არჩეულ დემოკრატიულ ხელისუფლებას კი არ აღიარებს", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.