უკრაინის რეგიონების პარტია, რომლის ლიდერიც ვიქტორ იანუკოვიჩი 7 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებზე უკრაინის პრეზიდენტი გახდა, იულია ტიმოშენკოს მეთაურობით უკრაინის მთავრობის გადაყენების ინიციატივით გამოდის.
უკრაინის პარლამენტში პარასკევს დარეგისტრირებულია "დადგენილების პროექტი მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ". მისი ავტორი რეგიონების პარტიის წევრი ალექსანდრე ეფრემოვია. დოკუმენტის შინაარსი კი ამ დრომდე არ ხმაურდება.
რეგინების პარტიის წევრთა განცხადებით, მათ აუცილებელი 226 ხმა აქვთ, იმისათვის, რომ ტიმოშენკოს კაბინეტს უნდობლობის განაჩენი გამოუტანონ. ზოგადად, კი მინისტრთა კაბინეტის გადასაყენებლად რადის 450 დეპუტატიდან 226 დეპუტატის ხმაა საჭირო. ტიმოშენკოს კაბინეტის გადაყენების საკითხს, უკრაინის პარლამენტი 2 მარტზე ადრე ვერ განიხილავს, სწორედ ამ დროსაა დანიშნული პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომა. ამ დროის განმავლობაში კი რეგიონების პარტიის წევრები ახალი საპარლამენტო კოალიციის შესაქმნელად კონსულტაციებს მართავენ. სწორედ ამ ახალმა კოალიციამ უნდა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული კონსტიტუციის თანახმად, რუსულისაგან განსხვავებით, უკრაინის პრემიერმა ახალადარჩეული პრეზიდენტის წინაშე უფლებამოსილება არ უნდა მოიხსნას. ამიტომაც რეგიონების პარტიის წევრთა ნაბიჯი სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. მსგავს რამეს ელოდნენ კიდეც: იანუკოვიჩის პარტია ყველა გზებით ეცდება ტიმოშენკოს მოცილებას. უნდობლობის ვოტუმის გარდა, დეპუტატებს აქვთ კიდევ ერთი გზა _ რადის ვადამდელი არჩევნები. ახლადარჩეული რადის წინ კი ტიმოშენკო უკვე ვალდებული იქნება უფლებაკოსილება ჩამოიხსნას.