"გაერთიანებული ტელეკომის" ბაზაზე შექმნილმა უფასო სასწავლო ცენტრმა 2009 წლის სასწავლო პროცესი დაასრულა. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ქსელების მომსახურე პერსონალის მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული კურსი. ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მრავალპროფილიანი ლაბორატორიით. ახალგაზრდები სწავლობენ სხვადასხვა ტიპისა და ტევადობის კაბელის გადაბმას, მონტაჟს, დაზიანების ადგილის პოვნას, სააბონენტო გაყვანილობის გამართვას და ა. შ.
"სასწავლო კურსი მესამედ ტარდება. გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 15 ახალგაზრდამ გაიარა სწავლება. საუკეთესო შედეგების მიხედვით მათგან შეირჩა 8 პირი, რომლებიც მეკაბელის, მონტიორის და მზომელის კვალიფიკაციით კომპანიის ფილიალებში დასაქმდნენ", - განაცხადა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა თეიმურაზ მთვრალაშვილმა.
სპეციალიზებული სასწავლო კურსები შედგენილია კომპანიის რეალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესს წარმართავენ "გაერთიანებული ტელეკომის" კვალიფიციური სპეციალისტები. სამთვიანი კურსის გავლის შემდგომ ახალგაზრდებს უტარდებათ გამოცდა სამ ეტაპად - ტესტირება, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმება.
2010 წლის თებერვლიდან სასწავლო ცენტრმა განაახლა სწავლება. სამი თვის განმავლობაში 25 ახალგაზრდა მეკაბელისა და მონტიორის პროფესიას დაეუფლება.