რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი კვლავ კალინინგრადში "ისკანდერების" განთავსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია იმ შემთხვევაში განათავსებს კალინინგრადის ოლქში "ისკანდერებს", თუკი ევროპაში ახალი საფრთხეები გაჩნდება.
"თუ ევროპაში ახალი საფრთხეები გაჩნდება, "ისკანდერები" კალინინგრადის ოლქში განთავსდება", _ აცხადებს სერდიუკოვი და აღნიშნავს, რომ "ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს".
"ხოლო თუკი არავითარი დამატებითი საფრთხე არ გაჩნდება, "ისკანდერები" განთავსებული არ იქნება. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამ თემაზე", _ განაცხადა სერდიუკოვმა დღეს.
შეგახსნებთ, რომ კალინინგრადის ოლქში "ისკანდერების" განთავსების შესაძლებლობაზე განცხადება პირველად შარშან რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების განზრახვაზე პასუხად გააკეთა. თუმცა აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვაშინგტონმა თავისი გეგმები შეცვალა.