საქართველოს მთავრობა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია "ტავთან" ხელშეკრულებას გადახედავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, არსებული ხელშეკრულება პარიტეტულ საწყისებზე არ არის გაფორმებული, რადგანაც უკვე წლების უკან გაფორმებული ხელშეკრულებით მთავრობის ინტერესები მინიმალიზებულია.
"ტავ ჯორჯიასთან" შეხვედრა უკვე შედგა. "ტავ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორიც საქართველოში იყო ჩამოსული. იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც. ჩვენ მას ჩვენი პრეტენზიები გავაცანით, გვაქვს სერიოზული პრეტენზიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ასაფრენი ზოლის საკითხს, მოლაპარაკებები გრძელდება, და იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს წარდგენილი, მომსახურების ხარისხი იქნება თუ მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, რომელიც არ ხორციელდება, მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებებს მივაღწევთ"- განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, "ტავთან" ხელშეკრულების გადახედვაზე კონსულტაციები და მოლაპარაკებები უკვე წარმოებს.
"საუბარია იმ ხელშეკრულების გადახედვაზე, რომელზეც, ჩვენ ვთვლით, რომ არ არის პარიტეტული და არ იცავს იმ ინტერესს, რომელიც სახელმწიფოს გაჩნია. ჩვენი სურვილია, რომ "ტავთან" მივაღწიოთ მოლაპარაკებას რათქმა უნდა ინვესტორის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.