საკონტროლო - სალარო აპარატის უქონლობის გამო თელავის საგადასახადო ინსპექციამ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მცხოვრები ჟორა ჯებირაშვილი ორჯერ დააჯარიმა. მთლიანობაში ჯარიმის თანხამ 5538 ლარი შეადგინა. ინდმეწარმე ჯარიმის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც მას საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს.
„თავი რომ გვერჩინა, ავტოფარეხში მაგიდა დავდგით და სიგარეტის და პურის გაყიდვა დავიწყეთ. სულ 300 ლარამდე ღირებულების საქონელი გვქონდა. სალარო აპარატის შეძენას ვერ ვახერხებდით. პირველად 500 ლარით დაგვაჯარიმეს, მეორედ როდის დაგვაჯარიმეს, არ ვიცით. თელავის საგადასახადო ინსპექციას და შემოსავლების სამსახურს მივმართე, რომ ჯარიმა გაეუქმებინათ, რადგან მის გადახდას ვერ შევძლებ, რაზედაც უარი მითხრეს", - აღნიშნავს ჟორა ჯებირაშვილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგადასახო ინსპექციის უფროსის მოადგილემ გელა ბაგალიშვილმა განუმარტა, ჯებირაშვილი სამართალდარღვევის ფაქტს არ უარყოფს და შეღავათის სახით დარიცხული სანქციის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვს, რასაც საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს.