"ცალსახაა, რომ გენინსპექციის დასკვნაში მოცემული ფაქტები და შეფასებები არის არა ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური აღწერა, არამედ ამ ინციდენტის ცალმხრივი ვერსია, რომელიც არა თუ არ პასუხობს კითხვებს, არამედ აჩენს დამატებით ეჭვებს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ბათუმში მომხდარი ინციდენტისას საკუთარი უწყების მაღალჩინოსნის ქმედებაში კანონდარღვევას ვერ დაინახავს, ეს ყველა რიგითი თანამშრომლისთვის მწვანე შუქის ანთების ნიშანი იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ გენისნსპექციის დასკვნაში მხოლოდ საიას წარმომადგენლის დარღვევებზეა საუბარი.
"მაგალითად, საინტერესოა, თუ შეურაცხყოფა საიას მძღოლის მხრიდან ხორციელდებოდა, რატომ აღენიშნებოდა კვალი სწორედ მას და არა თელიას, რომლის მიმართაც, შს სამინისტროს დასკვნის თანახმად, საიას წარმომადგენელი აგრესიული იყო. ამასთან, რატომ გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საიას თანამშრომლებმა და არა ვალერიან თელიამ, რომელმაც შს სამინისტროს ვერსიის მიხედვით, დააფიქსირა როგორც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი, ასევე იგი გახდა კანონდამრღვევი მოქალაქის მხრიდან შეურაცხყოფის ადრესატი", - აღნიშნა კოჟორიძემ.
კოკორიძის თქმით, მნიშვნელოვანია თავად ინციდენტის ამსახველი მტკიცებულების განადგურების ფაქტიც.
"როცა კანონდარღვევას ჩადიხარ და მისი გამოსწორების ნაცვლად გამართლებას ცდილობ, შედიხარ ჭაობში, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.