,,ვალერიან თელია ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მუნდირი", -განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მომხდარი ინციდენტი კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ სიტუაცია იდეალურად წარიმართებოდა.
,,ვალერიან თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა, რა თქმა უნდა უსიამოვნოა და მე არ ვამართლებ, რომ იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი. შეიძლება იდეალურად, უფრო უკეთესად ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა. ის არის პოლიციელი, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი და ის ვალდებული იყო, რომ დაეცვა საკუთარი მუნდირი", -განაცხადა ღარიბაშვილმა
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას სამსახურებრივი გადაცდომა არ ჰქონია.
"სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში