,,უმცირესობას თავის პოზიციებთან დაკავშირებით იგნორირებას არასოდეს არ გავუკეთებთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი კონსულტაციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება" საპარლამენტო ოპოზიციის აზრს გაითვალიწინებს.
,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცხრა წლის განმავლობაში არ ხდებოდა ოპოზიციის არცერთი მოსაზრების გათვალისწინება გნებავთ საკანონმდებლო საქმიანობაში, გნებავთ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც ოპოზიციას გააჩნდა. დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ბატონ ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, მთლიანად კოალიციის პოზიციაა, რომ ჩვენ არასოდეს უმცირესობას თავის პოზიციებთან დაკავშირებით იგნორიირებას არ გავუკეთებთ და მათი პოზიციები ჩვენთვის გასათვალისწინებელი იქნება", -განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ დღეს დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრაზე საუბარი შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხს.
,, ამ შემთხვევაში საკითხი ეხება იუსტიციის საბჭოს ექვსი წევრის დაკომპლექტების წესს, რომლის პრეროგატივა პარლამენტს გააჩნია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს ცვლილებები, თუ როგორი ფილტრაციით უნდა წარსდგეს ეს ექვსი კაცი საქართველოს პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. შეიძლება სხვა საკითხებსაც შეეხონ, მაგრამ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს დაველოდოთ კონსულტაციების დამთავრებას", -განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს შორის გაიმართება.