საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიების საქმიანობაში ყველანაირ ჩარევას საშიშს უწოდებს.
როგორც მან ბათუმში განაცხადა, ის და მისი გუნდი მზადაა, უმრავლესობასთან ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს, რათა სრულყოფილი დემოკრატია მიიღწეს.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რათა ამ ცვლილებებმა ვილნიუსის სამიტზე ქვეყნის განვითარებას პრობლემები არ შეუქმნას.
"საქართველოში უნდა შენარჩუნდეს სრული დამოუკდებლობა მასმედიის და დამოუკიდებელი სასამართლოსი. დამოუკიდებლობა მასმედიის ნიშნავს, იმას რომ მაუწყებელი საზოგადოებრივი კარგად მუშაობს, დამოუკიდებელი ტელევიზიები საქართველოში არსებობს და მთავრობა რაც ნაკლებად ჩაერევა და თუ საერთოდ ახლოს არ გაეკარება მათ მუშაობას, ეს არის კარგი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ასეთ საკითხებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოსტან მიმართებაში დგება საკითხი - ვილნიუსის სამიტზე მივიღებთ თუ არა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას.
"თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო მერე, შემდეგ მატარებელზე ლოდინი მოგვიწევს ძალიან დიდხანს და შეიძლება ძალიან ტრაგიკულად და დრამატულად იყოს ეს გრძელვადიანი პერსპექტივა ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ურემი გადატრიალდეს. მოდით არ გადავატრიალოთ ეს ურემი, დავსხდეთ და ამოვიდეთ იმ ნორმებიდან, რაც არის საერთაშორისოდ აღიარებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არსებობს დემოკრატიული სისტემა და არსებობს ავტორიტარული სისტემა, მაგრამ მისი სურვილია საქართველოში იყოს სრულფასოვანი დემოკრატია.
"ყველანაირი ჩარევა გარედან რა თქმა უნდა ტელევიზიებთან მიმართებაში არის საშიში. პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მთავრობა ტელევიზიას უნდა მოშორდეს და მედიასაშაულებები თვითონ განვითარდეს", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ კონსულტაციები საჭიროა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის და სასამართლო სისტემის ხელშეუხებლობა გარანტირებული იყოს.