უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი შვეიცარიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაგზავნილ წერილს არაკორექტულს უწოდებს. ამის შესახებ დარჩიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამ წერილში ტერმინ "მოდერნისტულთან" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში არ იყო პრობლემა დემოკრატიის და სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით. საერთოდ საქართველოსთან მიმართებაში ევროპელებს განსხვავებული აზრი აქვთ. "ევროპის სახალხო პარტიაზე", რომელიც ევროპულ სტრუქტურებს მართავს არ შეიძლება ესე ხელაღებით საუბარი. ვთვლი, რომ შვეიცარიის ელჩის წერილი, სადაც "ევროპის სახალხო პარტია" შედარებული საბჭოთა ქვეყნებთან, არაკორექტული. ეს მინიმუმ ისტორიის არ ცოდნას ნიშნავს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. მისი შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ.