,,პრეზიდენტი ორშაბათს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს მხარს ვერ დაუჭერს", -ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" არსებული რედაქციით წარმოდგენილი კანონპროექტი ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა.
,,რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დღეს, გადამწყვეტ ეტაპზე დააკარგვინებს შანს წარმატება იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს დააკარგვინებს შანს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების. მოგეხსენებათ, ,,ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს. ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს",
შეგახსენებთ, რომ 25 მარტისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. მთავარი საკითხები, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები და "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტია.