სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 წლის განმავლობაში დარჩება.
"გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნა ჩვენი თხოვნა იყო. ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ მათ არ ვუსმენთ. თუ რუმინეთში, ბულგარეთში და სხვაგან შეიძლება ნატოს ბაზების განთავსება, ჩვენ რატომ არ შეიძლება გვქონდეს რუსეთის ბაზა?!" - განაცხადა მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბაღაფშმა დღეს სააგენტო "იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან აფხაზეთში ქონების შეძენის უფლების რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მინიჭების საკითხზედაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.
"დღემდე აფხაზეთში მიწების შესყიდვა მხოლოდ აფხაზური პასპორტით იყო შესაძლებელი, თუმცა ვამზადებთ კანონს, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც შეძლონ იქ ქონების შეძენა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსები აფხაზეთში ყველაფერს შეისყიდიან, ეს მათი თავის ტკივილია. მე ასე არ ვფიქრობ. რუსები აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოდიან და ამისთვის სჭირდებათ ჩვენთან საცხოვრებელი", - განაცხადა ბაღაფშმა.