"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს, "ახალი მემარჯვენეების" ოფისში, ნარკომანიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"არჩევნებიდან ჩემი კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ, არავის სასარგებლოდ. ალიანსი პირველი იყო, რომელმაც თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა", - განმარტა მან.
ამასთან, ალასანია კვლავ ამბობს, რომ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატთან დაპირისპირება სწორედ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატით სჯობს და აქვე მიაჩნია, რომ "ოპოზიციაში ერთიანობა შესაძლებელია".
"ალიანსი შეძლებს, რომ მიაღწიოს შეთანხმებას მერის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით. ერთიანი კანდიდატის გამოვლენა საზოგადოების მოთხოვნაა და ეს იქნება სტიმული თავად საზოგადოებისთვის", - განმარტა მან.