საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საგარეო უწყებაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით საათნახევარს მიმდინარეობდა.
როგორც დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტს, ევროკავშირთან რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებების კუთხით არსებულ პროგრესს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღნიშნულის კონტექსტში მეზობელი რუსეთის თემას, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის საკითხს - ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს შეეხო.
"დიპლომატებს აინტერესებდათ, რითი არის გამოწვეული რუსეთის აგრესიული პროპაგანდა, რომელიც პირველ რიგში, მისი ინტერესებისთვის არის სახიფათო და გამოითქვა მოსაზრებები, რომ სჯობს გაჩუმდეს მოსკოვი, ვიდრე სამართლებრივად პასუხს არავინ სთხოვს", - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება რუსეთისა და აფხაზეთის მიერ გუდაუთაში გაერთიანებული სამხედრო ბაზის გახსნის საკითხს, როგორც ვაშაძემ განმარტა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გამო დიპლომატები შეშფოთებულები არიან.
ევროკავშირთან რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებებზე კომენტირებისას კი, რომლებიც უკვე პარაფირებულია, საქართველოს მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მათ ხელი გაზაფხულის ბოლოს მოეწერება.
"ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად შენგენის ვიზა გამარტივებული წესით მიიღონ", - განმარტა საგარეო უწყების ხელძღვანელმა.