ოფიციალური თბილისი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინიდან აფხაზეთში შესაძლო გადმოტანას მთელი რეგიონისთვის საფრთხის შემცველად აფასებს.
"თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს ყველა ის ადგილი, სადაც რუსეთის არმია იდგება. ამით არა მხოლოდ საქართველოს, მთელს კავკასიის რეგიონს შეექმნება საფრთხე", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ადრე თუ გვიან კრემლს ყველა იმ ქმედებაზე მოუწევს პასუხისგება, რომელსაც ახლა ჩადის.
"ისევე როგორც ახლა აგებს პასუხს ძველი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის", - განმარტა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთი მზადაა რუსეთის სამხედრო ფლოტი მის აკვატორიაში განათავსოს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუსული სამხედრო ფლოტი ყირიმში დგას და უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმებით იქ 2017 წლამდე დარჩება.