ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანამ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანუატუს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსთან სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიური მედია ავრცელებს.
2011 წელს ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. შემდეგ იგივე კარლოტმა ეს უარყო, ხოლო ამის შემდეგ ისევ დაადასტურა.
ამჟამად კი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვანუატუსა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და მის ქვეყანას საქართველოსთან დასაახლოებლად ნაბიჯების გადადგმა სურს.
"აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხთან გაუგებრობრობას ჰქონდა ადგილი. თავის დროზე მთავრობის წევრთა მიერ აგზავნილი იყო მხოლოდ წერილი იმის შესახებ, რომ განიხილებოდა საკითხი აფხაზეთთან ურთიერთობების გაფორმების შესახებ. ახლა ეს საკითხი მეტს აღარ განიხილება", - აცხადებს ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ჯონი კოანაპო.
შეგახსენებთ, რომ ტუვალუ და ვანუატუ იმ ქვეყნების ხუთეულში შედიან, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.