გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.
„ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალაა. გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო. ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტისა, რომელიც კვლავ თავის ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვნახეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანი ზემო აჭარაში. ხალხი არ დგას აგენტურის მხარეს. ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა მოემსახუროს უცხო ქვეყნის ინტერესებს. ხალხი ვერ დადგება იმ სექტის მხარეს, რომელიც თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ინტერესებს ანაცვალებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.