გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი მზად არის, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხზე დისკუსია განაახლოს. ამის შესახებ მან The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბერნემის თქმით, ბრიტანეთმა ღიად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა განიხილოს, როგორ შეიცვალა იმიგრაციის ხასიათი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შემდეგ.
„მიგრაციის ბალანსი ხომ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დავტოვეთ? ვფიქრობ, ამ საკითხებზე გულწრფელი დისკუსია უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ბერნემმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის წევრობის პერიოდში ადამიანების ნაწილი ბრიტანეთში დროებით ჩადიოდა სამუშაოდ, შემდეგ კი საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებოდა. მისი აზრით, მიგრაციის ასეთი მოდელი დღევანდელი ვითარებისგან განსხვავდებოდა.
მიუხედავად ამისა, ბერნემი ჯერჯერობით არ აცხადებს, რომ თავისუფალი მიმოსვლის აღდგენას მთავრობა აუცილებლად შესთავაზებს. ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის საარჩევნო პროგრამა ამ შესაძლებლობას გამორიცხავდა, ისევე როგორც ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში დაბრუნებას.
ბერნემი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების სხვადასხვა ვარიანტის განხილვას 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ლიდერების სამიტთან დაკავშირებით აპირებს. სამიტზე მხარეები სავაჭრო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ახალგაზრდების მობილობის, მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ბერნემმა გამორიცხა, რომ გაერთიანებული სამეფო შენგენის ზონას შეუერთდეს ან ევრო მიიღოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების ფუნდამენტური ცვლილება შესაძლოა მომდევნო საყოველთაო არჩევნების შემდეგ გახდეს შესაძლებელი.