"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მას ცოტნე გამსახურდიას პროცესზე დასწრების უფლებას სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები არ აძლევენ. ეს კი პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ბრალია. ეს განცხადება კუკავამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ცოტნე გამსახურდია უარს აცხადებს სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ამ დოკუმენტს მის მაგივრად ხელს აწერენ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები.
"კონსერვატიული პარტია" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
კახა კუკავა მეორე ბრალდებასაც აყენებს. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები - ოპერატიული ვიდეო, აუდიო მასალა ჰქონია საქმეში, რომელსაც ადვოკატი არ იცნობდა.
"ეს არის უხეში დარღვევა. ადვოკატს მისცეს ერთსაათიანი დრო მასალების გასაცნობად. ერთ საათში ადვოკატი ვერ შეძლებს მასალის გაცნობას", - განაცხადა კახა კუკავამ.
"მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე ასრულებს პროკურატურის ნებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოვთხოვთ",- აცხადებს კახა კუკავა.