შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტი ყურმოჭრილი მონა აღარ არის. როგორც ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, შსს-მ საქართველოში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაციასის გაკონტროლებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო.
"რაც შეეხება ჩვენსა და პარლამენტს შორის თანხვედრას, ერთის მხრივ ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე დემოკრატიულ პროცესებთან, ვინაიდან შსს აღარ არის დამკვეთი უშუალოდ პარლამენტის და პარლამენტი აღარ არის ყურმოჭრილი მონა იქნება ეს ჩვენი სამინისტრო თუ სხვა უწყება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მისი პოზიცია რა თქმა უნდა უკან არ მიაქვს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შსს-მ აიღო პასუხისმგებლობა და ასრულებს კიდეც თავის ვალდებულებას.
"თქვენი მხრიდან ძალიან ხშირად გვესმის ძალიან გადაჭარბებული, მუქი ფერებით დახატული წარმოჩენილი მდგომარეობა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამაზე მოგიწოდეთ უბრალოდ, რომ იქნებ თავშეკავება გამოიჩინოთ როცა ფაქტებთან არ გაქვთ საქმე, მაგ შემთხვევაში ვიყოთ უფრო მეტად ფრთხილი", - მიმართა ღარიბაშილმა უმცირესობის წევრებს.
საპარლამენტო უმცირსების წევრის სერგო რატიანის შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს შს მინისტრს გოკა გაბაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ არავინ არავის ყურმოჭრილი მონა არ ყოფილა.
"ყურმოჭრილი მონა არავინ არავისი არ ყოფილა. თუ ასეთი ტერმინებით მივმართეთ ერთმანეთს შეურაცხყოფა ვაყენეთ, არ იქნება ეს შეხვედრის კარგი ფორმატი მინისტრსა და პარლამენტის წევრებს შორის", - აღნიშნა გაბაშვილმა, რომლის რეპლიკასაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაეთანხმა.
შენიშვნამ შეხვედრის მონაწილეებს შორის მცირე კამათი გამოიწვია. შს მინისტრმა კი ოპონენტებს შეახსენა, რომ პოლიცია პოლიტიზირებული აღარ არის.