"Cruise Shipping Miami 2013"-ზე აჭარის ტურისტულ პოტენციალთან ერთად, რეგიონმა ქართული კერძებიც წარადგინა.
როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქართულმა კერძებმა გამოფენაზე მისული ვიზიტორების მოწონება დაიმსახურა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან მჟავანაძემ განაცხადა, გამოფენაზე ქართულმა მხარემ სხვადასხვა სახის სარეკლამო ბუკლეტებთან ერთად, ქართული კერძები წარადგინა.
დელეგაციამ გამოფენაზე ჩურჩხელა, თაფლი, ფელამუში წარადგინა და გამოფენაზე მისულ ვიზიტორებს მისი დაგემოვნება შესთავაზა.
გარდა ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისა, ქართულმა მხარემ მაიამიში საინვესტიციო გარემოს რეკლამირებაც მოახდინა და ამ მიზნით ბიზნესწრეებთან შეხვედრები გამართა.
გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე საკრუიზო კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა სამომავლოდ მათი საკრუიზო ხომალდები ბათუმის პოტში შემოვიდნენ და ტურისტები შემოიყვანონ.
"Cruise Shipping Miami" უკვე 30 წელია იმართება. წამყვანი საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია საკრუიზო ინდუსტრიის პოპულარიზაციას ემსახურება.