ფართო მოხმარების მედიკამენტების შემომტან მონიპოლისტ კომპანიას ექსკლუზიური უფლებები ჩამოერთმევა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და "საქპატენტის" ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ ერთოვლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, დღემადე 20-მდე დასახელების პრეპარატის, მათ შორის ვალიდოლის, კორვალოლის და ნოშპის საქართველოში შემოტანის უფლება მხოლოდ ერთ - უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანიას ჰქონდა, რის გამოც ამ პრეპარატებზე ბოლო დროს ფასმა 20-30 %-ით მოიმატა.
"დღეიდან ამ წამლების სასაქონლო ნიშნებით რეგისტრაციას "საქპატენტი" აბათილებს. გადავწყვიტეთ, ფართო მოხმარების პრეპარატების შემოტანის ექსკლუზიური უფლებით არ ისარგებლოს არც ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ და ამის შესაძლებლობა რამდენიმე კომპანიას მიეცეს, რადგან მედიკამენტებზე ფასებით თამაში არ მოხდეს", - განაცხადა კვიტაშვილმა.
"საქპატენტის" გენერალური დირექტორის ირაკლი ღვალაძის განმარტებით კი, ექსკლუზიური შემოტანის უფლება არც ერთ კომპანიას არ ექნება დაახლოებით 50-100 დასახელების წამალზე.