ცესკოში არსებული თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვის და განვითარების ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები ვიდეოთვალის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟებას ითხოვენ.
მათი განმარტებით, აღნიშნული საარჩევნო პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ამ მეთოდით დარღვევების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი.
"გამოვდივართ ინიციატივით, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი, მათ შორის ე.წ. სპეცუბნები აღიჭურვოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით", - განაცხადა დღეს, ცესკოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯგუფის წევრმა ნინო გოგუაძემ.
მისივე განმარტებით, წინა ორმა არჩევნებმა აჩვენა, რომ უბნებზე, რომლებზეც ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული, დარღვევები ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა.
ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, ინიციატივას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში არსებული თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვის და განვითარების ჯგუფის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. კერძოდ, ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, რამდენ უბანზეა შესაძლებელი ვიდეოთვალის დამონტაჟება.