2013 წლის თებერვლში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 962 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.9% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.905 დონეზე დაფიქსირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თებერვალში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (18.4%-ით), ხოლო უმნიშვნელო კლება წინა წლის იმავე თვესთან (1.4%-ით) შედარებით.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2013 წლის თებერვლში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (18.2%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (23.4%-ით). განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: თებერვლში რეგისტრირებული სა-მეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.9%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ -მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.896 და 1.205 დონეებზე დაფიქსირდა.
თებერვლში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 199 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 55.5%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 597 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 40.3%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.8% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 149 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 9 უცხოური სამეწარმეო იუ-რიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.