ნატო მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ არ აღიარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ალიანსმა სპეციალური განცხადება გვიან ღამით გაავრცელა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს კვლავ საკუთარი შეიარაღებული ძალების 7 აგვისტომდელ პოზიციებზე დაბრუნების მოუწოდებს და სთხოვს დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
"ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატოს პოზიცია არ შეიცვლება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გუშინ, 17 თებერვალს გაფორმდა.