იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატად აღარ განიხილება. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტოს ცნობით, 47 წლის პირლო ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა ჯენარო გატუზოს შემცვლელად მას შემდეგ, რაც ესპანელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.
თუმცა, პირლოს კანდიდატურა კრიტიკის საგანი გახდა რუსულ საბუკმეიკერო კომპანია „ფონბეტთან“ (Fonbet) მისი კომერციული კავშირების გამო. კერძოდ, ის კომპანიის საერთაშორისო ელჩია, რამაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და იტალიელი ოფიციალური პირების წინააღმდეგობა გამოიწვია.
Reuters აღნიშნავს, რომ პირლოს მანამდეც დაუცავს „ფონბეტთან“ თანამშრომლობა.
პირლოს თქმით, 26 ივლისს აცნობეს, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურა აღარ განიხილება.
„მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს შევიტყვე, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატად აღარ განვიხილები, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია რამდენიმე საკითხის განმარტება. ბოლო დღეების განმავლობაში დიდი გულისტკივილით ვაკვირდებოდი დისკუსიას, რომელიც ჩემი სახელისა და იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის ირგვლივ მიმდინარეობდა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ჯერ როგორც ფეხბურთელი, ახლა კი როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ვმოქმედებდი იმ ქვეყნების კანონების სრული დაცვით, სადაც ვმუშაობდი, ჩემს მიერ გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად,“ – დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.
Reuters-ის ცნობით, პირლომ რუსულ საბუკმეიკერო კომპანია „ფონბეტთან“ ბრენდის ელჩის სტატუსით თანამშრომლობის ხელშეკრულება გასული წლის ოქტომბერში გააფორმა.
თავად პირლოს განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მხოლოდ კომერციულ და სპორტულ ხასიათს ატარებს.
„ამ თანამშრომლობისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება ნიშნავს, რომ მაწერენ შეხედულებებს, რომლებიც არასდროს გამომითქვამს და რომლებიც ჩემთვის სრულიად უცხოა,“ - განაცხადა პირლომ.
გარდა ამისა, პირლო პრესის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და იტალიელი ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც იგი იტალიის ნაკრების ყოფილ თანაგუნდელ მარკო მატერაცისთან ერთად მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე გამოჩნდა ღონისძიებაზე, რომელიც კომპანია „ფონბეტის“ მიერ იყო ორგანიზებული.
მას კრიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ რუსულ კომპანიას მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.