ფინანსთა მინისტრი "მორგან სტენლის" დასკვნას, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წლისთვის 5 %-ი იქნება, არ ეთანხმება. როგორც ნოდარ ხადური განმარტავს, 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მინიმუმ 6 %-ი იქნება. როგორც ცნობილია, "მორგან სტენლის" დასკვნაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა და მთავრობას ეკონომიკური გაჯანსაღების კუთხით საგანგებო ზომების გატარებისკენ მოუწოდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო იმით, რომ ქვეყანაში არის საბიუჯეტი კრიზისი, მერე სტაგნაცია და ახლა აღმოჩნდა , რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5 %-ი გვექნება. "მორგან სტენლის" გარდა ძალიან ბევრი ინსტიტუტი აქვეყნებს პროგნოზებს მათ შორის შორის პროგნოზებს, რომელსაც ემყარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროც, საკუთარ გათვლებთან ერთად. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6 %-ი იქნება და ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 2,8 %-ს"- განმარტავს ნოდარ ხადური.
შეგახსენებთ, რომ "მორგან სტენლის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური -0.8% შეადგინა. მთლიანად 2012 წელს მშპ-ის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%, სულ 6,1% იყო. მართალია, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის ზრდის პროგნოზს 5,6%-დან 5%-მდე ვამცირებთ.
ბიუჯეტი დაგეგმილია 7%-იანი ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8% ნაცვლად, მშპ-ის 3,5% მიაღწევს.