18-19 თებერვალს ქალაქ ინტერლაკენში ადამიანის უფლებების საკითხზე ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს მინისტრები შეიკრიბებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროდან აცნობეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შვეიცარიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, დაადასტუროს წევრ სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულება ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
მინისტრები იმსჯელებენ სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფი რეფორმების, ასევე იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს განჩინებათა აღსრულებაზე მეთვალყურეობასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას ეროვნულ დონეზე.
18 თებერვალს, 15:00 საათზე, კონფერენციას გახსნიან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რასაც მოჰყვება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტების, ისევე როგორც ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიმართვები. ამის შემდეგ, სიტყვა გადაეცემათ ეროვნულ დელეგაციათა თავმჯდომარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ინტერლაკენის დეკლარაციისა და რეფორმის სამოქმედო გეგმას 19 თებერვალს მიიღებენ.