საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.
"ის, რომ რუსეთის ორივე ლიდერი მუდმივად ლაპარაკობს საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე, საშიში რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. რუსეთის ლიდერების განცხადებები თანდათან უფრო უინტერესო და მოსაბეზრებელი ხდება", _განაცხადა მან.
მანჯგალაძის თქმით, ეს არის იმ სახელმწიფო მეთაურის განცხადება, რომელმაც ჩაიდინა ეთნოწმენდა და 500 000 ადამიანი დევნილად აქცია.
"ეს არის იმ სახელმწიფო მეთაურის რეაქცია, რომელიც სტალინისეული მეთოდებით წვრთნის დღეს ძაღლებს, რათა ადამიანებზე დაგეშილმა და გაწვრთნილმა ძაღლებმა საკუთარ სახლებში მიმავალი ქალები და ბავშვები დაგლიჯონ, როგორც ე. წ. საზღვრის დამრღვევები. ეს ის მთავრობაა, რომელიც აშენებს უკანონო სამხედრო ბაზებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე", _ განაცხადა მან.
მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთიდან, ტრადიციულად, ერთფეროვანი განცხადებები ისმის.
"ეს ერთფეროვანი განცხადებები დამღლელი და მოსაბეზრებელი ხდება. მოსაბეზრებელია ერთსა და იმავე განცხადებაზე ერთი და იმავე პასუხის გაცემაც. ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერისთვის, ეს პროცესი დამღლელი და უინტერესოა", - განაცხადა მანჯგალაძემ.