აჭარის მთავრობამ, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კომპანია ,,კინოს უბანს" ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის განხორციელების ვადა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივა. როგორც ირკვევა „კინოს სახლმა" მასზე დაკისრებული ვალდებულებების უმეტესობა შეასრულა და სახელმწიფომ ხელშეკრულებით ნაკისრ ერთ-ერთ კომპონენტში, ინვესტორს გარკვეული ანგარიში გაიწია და რევაზ კომახიძის ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რებილიტაციის ვადა გადაუწია.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2012 წლის თებერვალში, ბათუმში, ზ.გამსახურდიას ქ #42-ში მდებარე 822,41 კვმ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 524 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ზუბალაშვილისა და ზ.გამსახურდიას კვეთაში მდებარე 1566 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ზუბალაშვილის შესახვევი №1-ში მდებარე 750 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანია „კინოს უბანს" გადაეცა. სახელმწიფოსა და „კინოს უბანს" შორის ხელშეკრულება 14 თებერვალს გაფორმდა და კომპანია ვალდებული იყო, 6 თვის ვადაში სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეებისაგან შეძენილი ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოეხდინა. ასევე 30 თვის ვადაში ახალი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაესრულებინა.
ასევე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 თვის ვადაში კომპანიას არანაკლებ 1000 კვმ-ზე მიწისქვეშა ავტოპარკინგის მოწყობა დაევალა. ასევე კომპანიამ ვალდებულება აიღო, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად რევაზ კომახიძის ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განეხორციელებინა და ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა უზრუნველყო.
სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „კინოს სახლმა" ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიღებულ ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულების შემდგომ 1 თვის ვადაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოსცეს 400 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართი.
ასევე ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებული ხდებოდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 12 თვის ვადაშ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად 70 ათასი ლარის ტექნიკა შეეძინა.
როგორც აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაშიმრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყო, შეისყიდა კერძო მესაკუთრეებისაგან ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები და მოახდინა მათი დემონტაჟი;
ასევე, მოამზადა და გამყიდველს უსასყიდლოდ გადასცა, ბათუმში, საპროექტო სკვერის მოპირდაპირე მხარეს, გამსახურდიას ქუჩაზე განლაგებული ერთსართულიანი კომერციული ფართების ფასადის ექსკიზური პროექტი სამგანზომილებიან ფორმატში და შეუძინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოძრავი ქონება მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, „კინოს უბანს" საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის განხორციელების ვადა 2013 წლის 14 თებერვლიდან 2013 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივდა.
მასალის გამოყენების პირობები