. ხვალ, 18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვას დაიწყებს.
პირველი სხდომა მოსამზადებელი იქნება და გადაწყდება, გაერთიანდება თუ არა გამსახურდიას ორი სისხლის სამართლის საქმე და მოხდება თუ არა მათი ერთად განხილვა.
გამსახურდიას საქმის განხილვა 8 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. დაკავებული აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
ეს ცოტნე გამსახურდიასთვის წაყენებული მეორე ბრალდებაა: მას უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს და არასაპატიმრო ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.