ხვალ, 18 თებერვალს, 12:00 საათზე, "კონსერვატიული პარტიის" ორგანიზებით, წერეთლის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიულ პარტიაში" განუცხადეს, მსვლელობა მეტროსადგურ "წერეთლიდან" დაიწყება და "ის პოლიტპატიმრების, უპირველესად, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას" მიეძღვნება.
"კონსერვატიულმა პარტიამ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ხელი მოვაწერეთ ერთობლივ მემორანდუმს, რომლითაც ვითხოვთ უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ერთ-ერთი პატიმრის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის უკირურესად მძიმე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხერხდება მისი სასამართლო პროცესის დაწყება და დღემდე არ დადასტურდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხელისუფლებამ უარი თქვა თავდებში მის გათავისუფლებაზე. გამსახურდია შიმშილობს 25 დეკემბრიდან და შესაძლოა მისი მდგომარეობა გახდეს კრიტიკული. სახალხო დამცველის ოფისთან ყოველღიური ურთიერთობა გვაქვს და მიღებული ინფორმაცია არ არის დამამშვიდებელი. Aმიტომ გაიმართება მსვლელობა წერეთლის გამზირის მიმართულებით", - აცხადებენ "კონსერვატორები" და განმარტავენ, რომ მსგავსი მსვლელობები ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება.
"კონსერვატიული პარტია" მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკანონო პატიმრის ოჯახის წევრებს და თითოეულ მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია უკანონო პატიმართა ბედი, შეუერთდნენ საპროტესტო მსვლელობას.