ევროპალატის მიწვევით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კახა ბაინდურაშვილი საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროპალატის გენერალურ მდივანთან, არნალდო აბრუზინისთან და საერთაშორისო ურთიერთობებისდეპარტამენტის დირექტორთან, დირკ ვანთიგენთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს ევროპაში პარტნიორების უკეთ მოძიებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტში.
ასევე განიხილეს ევროკავშირის პროექტებში საქართველოს უფრო აქტიურად ჩართულობის საკითხები. კერძოდ, ისაუბრეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაგეგმილ პროექტზე East-Invest 2. აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროექტი East-Invest, ხორციელდება ევროპალატის ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმის მიერ. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი (2010-2013). პროექტის პარტნიორები არიან ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ( საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი) სავაჭრო-სამრეწველო პალატები და ბიზნეს-გაერთიანებები. საქართველოში პროექტის ეროვნულ კოორდინატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აპრილში, საქართველოში იგეგმება ფართო მასშტაბიანი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება. ფორუმის ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ პროექტის პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები ბიზნეს-დელეგაციებთან ერთად. ქართული მხრიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიების და მთავრობის წარმომადგენლები. ფორუმის ოფიციალურ ნაწილში დაგეგმილია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უცხოელი მონაწილეებისთვის, გაიმართება სექტორული სემინარები და ვორკშოფები. შედგება ორმხრივი შეხვედრები ქართული და ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
ევროპალატა წარმოადგენს ევროპული სავაჭრო-სამრეწველო პალატების კავშირს, რომელიც აერთიანებს მთელი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს (სულ 2000 ორგანიზაციას, რომელთა წევრი კომპანიების რაოდენობა 22 მილიონს აღემატება). ევროპალატა ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაციაა, რომელიც გამოხატავს მთელი ევროპის ბიზნეს-გაერთიანების ინტერესებს. მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკომისიასთან, ევროსაბჭოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის აფილირებული წევრია.
მასალის გამოყენების პირობები