. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ოპოზიციურ ძალებს არა ადგილობრივი არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ, არამედ კვლავ მისი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
"მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი ფარსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მიიჩნევს, რომ ქვეყნის გადასარჩენად საჭიროა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მათ ჩასატარებლად შესაბამისი თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა და არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა რომან კუსიანმა.
კუსიანის განმარტებით, თუკი ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე მათ მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მაშინ ჯობს, პოლიტიკური უმცირესობა მასზე ერთიანი კანდიდატებით იყოს წარმოდგენილი, თუმცა ბურჯანაძის გუნდის წევრს ამაში ეჭვი ეპარება.
"ვფიქრობ, ერთობის მიღწევა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის თითქმის შეუძლებელია", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ თავად ბურჯანაძის პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს.